ინფორმაცია



ცხვირა მაიმუნი
Просмотр
ცხვირა მაიმუნი, ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, მეხეური ცხოველია, იკვებება უმთავრესად ფოთლებით, ნაყოფით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს.

ინფორმაცია მაიმუნებზე


მაიმუნები, ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა; აერთიანებს უმაღლესი ძუძუმწოვრების და ადამიანის ოჯახსაც. ბალნიანი საფარველი კარგადაა განვითარებული. სხეულის ზოგიერთ უბანზე ბალანი შეიძლება ძლიერ იყოს დაგრძელებული, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფაფარი, ულვაშები, წვერი, ფუნჯები (ყურებსა და კუდზე). უმრავლესობას სახე და ყურები ტიტველი აქვს. რიგ სახეობებს (პავიანებსა და სხვებს) აქვთ ძლიერ განვითარებული საჯდომი კორძები, რომლებიც მეტწილად მკვეთრი წითელია. მრავალი სახეობის მაიმუნებს (როზალია, ანთარი, მანდრილი, გვერეცა და სხვა) კაშკაშა შეფერილობა აქვს. ქალას ზომები (ტვინის ქალას და სახის ქალას ურთიერთშეფარდება) განსხვავებულია მაიმუნების ჯგიფების მიხედვით. ზოგს ქალაზე აქვს მაღალი ტროპები, რომლებსაც ემაგრება მძლავრი საღეჭი კუნთები. მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთებიც. კბილების რაოდენობა განსხვავებულია. კუჭი ჩვეულებრივ მარტივია, მხოლოდ თხელტანიანი მაიმუნების კუჭია რთული (ძირითადად მცენარეულობით კვებასთან დაკავშირებით). მარტივია მათი საშვილოსნოც. ბრმა ნაწლავი ყველას აქვს, ზოლო ჭიაყელა ნაწლავი - მხოლოდ ადამიანის მსგავს მაიმუნებს. მაიმუნებს დიდი თავის ტვინი აქვთ. განსაკუთრებით გამოირჩევა წინა ტვინი. გრძნობის ორგანოებიდან კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და სმენა. თათები სატაცია. ორივე წყვილ კიდურზე ცერი უპირისპირდება დანარჩენ თითებს. თითებზე აქვთ ფრჩხილები. გამონაკლისს წარმოადგენენ მოთამაშე მაიმუნები, რომლებსაც ნამდვილი ფრჩხილი მხოლოდ ცერზე აქვთ. მაიმუნებს მკერდზე აქვთ ერთი წყვილი ძუძუ. მაომუნების უმრავლესობა მეხეურ ცხოვრებასაა შეგუებული. მაგოტი, პავიანები და სხვა მხოლოდ მიქაზე ბინადრობენ. უმრავლესობა ხროვებად ცხოვრობს, იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, ფოთლებით,ნორჩი ყლორტებით, მწერებით, ჭიებით, ლოკოკინებით, ფრინველების კვერცხითა და მართვებით, ჭამენ აგრეთვე პატარ-პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს. მაიმუნების მაკეობის ხანგრძლივობა განსხვავებულია: უმდაბლესი მაიმუნების მაკეობა გრძელდება 4-5 თვემდე, გიბონებისა - 7 თვემდე, ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა - 275 დღემდე. ჩვეულებრივ შობენ თითო ნაშიერს. მოთამაშე მაიმუნები ხშირად შობენ 2-3 ნაშიერს. მაიმუნების უმრავლესობა სქესობრივად მწიფდება 3-5 წლისა, ადამიანის მსგავსი მაიმუნები - 7-10 წლისა. პატარა მაიმუნები 20-25 წლამდე ცოცხლობენ, დიდები - 40 წელს და მეტსაც. ტყვეობის (ზოოპარკის) პირობებში მაიმუნები ასე ხანგრძლივად იშვიათად ძლებენ. მაიმუნები ცნობილია პლეისტოცენიდან. მაიმუნების სისტემატიკის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაიმუნების ქვერიგში გაერთიანებულია 5 ოჯახი: მოთამაშე მაიმუნისებრნი, რომელთაგან აღსანიშნავია საგუინი, როზალია; კაპუცინისებრნი, რომელთაგან საყურადღებოა, რომელთაგან საყურადღებოა კაპუცინი, კოატა, ღრიალა მაიმუნები და სხვები. ორივე ოჯახის წარმომადგენლები გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ანთრისებრნი ბინადრობენ აფრიკაში, აზიასა და გიბრალტარზე, მათ შორის აღსანიშნავია ანთრები, პავიანები, მაკაკები. ადამიანის მსგავსი მაიმუნების ოჯახშია გიბონები, შიმპანზე, გორილა და ორანგუტანი; გავრცელებული არიან ტროპიკულ აზიაში. ამავე ქვერიგს ეკუთვნის ადამიანების ოჯახი.

--ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ანთროპოიდები, ცხვირვიწრო მაიმუნების ოჯახი პრიმატების რიგისა. ადამიანის მსგავსი მაიმუნებია: ადამიანთან განსაკუთრებით ახლო მდგომი გორილა, შიმპანზე და ორანგუტანი. გორილა და შიმპანზე აფრიკის ბინადრებია, ორანგუტანი კი აზიაში (კალიმანტანსა ანუ ბორნეოსა და სუმატრაზე) გვხვდება. ადამიანის მსგავსი მაიმუნები ცხოვრობენ უღრან ტროპიკულ ტყეებში, მეტწილად ხეებზე; მათთვის დამახასიათებელია გრძელი ფეხები: როცა ვერტიკალურად დგანან, ხელები მუხლისთავს ქვემოთ სწვდებათ. მიწაზე დადიან ნახევრად ვერტიკალურად და ეყრდნობიან ხელის თითების ზურგის მხარეს. ლოყისუკანა პარკები, ტუჩების წითელი ლორწოვანი გარსი, საჯდომი კორძები და კუდი არა აქვთ, ცხოვრობენ ხროვად. გამრავლებისათვის გარკვეული დრო არა აქვთ, რადგან კვერცხუჯრედი თვედათვე მწიფდება. მაკეობა გრძელდება 9 თვემდე. შობენ ერთ, იშვიათად ორ ნაშიერს. სქესობრივ სიმწიფეს ახწევენ 9-10 წლის ასაკში. ცოცხლობენ 20-50 წლამდე. თავის ტვინი საკმაოდ რთული აგებულებისა აქვთ. სხეულის სიგრძე — 1,5-2 მ, წონა — 60-250 კგ აღწევს.
ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებით ადამიანის მსგავსი მაიმუნები სხვა მაიმუნებთან შედარებით ყველაზე ახლო დგანან ადამიანებთან. მათ, როგორც ადამიანს, აქვთ ჭიაყელა ნაწლავი, კუდუსუნი, გავის 4-6 მალა, ფართო მკერდი, 12-13 წყვილი ნეკნი და სხვა. ადამიანის მსგავსი მაიმუნების უმაღლესი ნერვული მოქმედების შესწავლის შედეგად დადგენილია მათი მსგავსებაც და თვისებრივი განსხვავებაც ადამიანისაგან. მსგავსება განსაკუთრებით დიდია ემბრიონულ პერიოდში. ეს ერთხელ კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი და ადამიანის მსგავსი მაიმუნები წარმოშობილი არიან ერთი საერთო წინაპრისაგან, შემდეგ კი მათი ევოლუცია სცვადასხვა მიმართულებით წარმართულა.

ინფორმაცია ძაღლებზე

ძაღლი— ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 50-160 სმ, კუდისა — 20-50 სმ, მასა 6-80 კგ აღწევს. აქვთ რამდენადმე წაწვეტებული დინგი, დაცქვეტილი ყურები, მსხვილი და მძლავრი ეშვები. იკვებებიან ცხოველებით, ზოგი ჭამს მძორს, ბოსტნეულს, ხილს, ყურძენს და სხვ. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. შობენ 1-19 უსუსურ ლეკვს. გავრცელებული არიან ყველგან გარდა ანტარქტიდისა, ახალი ზელანდიისა,მადაგასკარისა, ლულავესისა და სხვა ოკეანური კუნძულისა. გვარში ცხრა სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვახდება 2 (მგელი და ტურა)

10 განსხვავება ძაღლებსა და კატებს შორის.

ზოგს ძაღლი უყვარს, ზოგს-კატა. მერე რა? რატომღაც ბოლო დროს ყველა აგრესიულადაა განწყობილი კატების მიმართ, საკმარისია, სადმე თქვა კატა მიყვარსო და იმწამსვე ამზერით დაგიწყებენ ყურებას. მერე იმასაც იტყვიან ღმერთი არ სწამს, კატა ხომ ეშმაკისეულიაო. ვერავინ გაიძულებს, გიყვარდეს ერთი ან მეორე, მაგრამ კატებიც ისეთივე ცხოველები არიან, როგორიც ძაღლები.

ძაღლი და კატა განსხვავებული ცხოველები არიან და რადიკალურად განსხვავებული თვისებები აქვთ. აი, რამდენიმე მათგანი:

- 1. ძაღლი გასცემს სითბოს, კატა-მოითხოვს. ძაღლი მოვა და მოგეფერება, იმიტომ, რომ მას შენ უყვარხარ, კატა კი მოვა იმიტომ, რომ შენ მოეფერო.
- 2. ძაღლი გულუბრყვილოა. კატა-ბუნებით მტაცებელი.
- 3. ძაღლს სჭირდება გარეთ გაყვანა და გასეირნება. ვისაც ძაღლი ჰყავს, ალბათ იცის, ხანდახან რა დამღლელი და მოსაბეზრებელია ეს, განსაკუთრებით ზამთარში. კატას გარეთ გასვლა არ სჭირდება იმისათვის, რომ კუჭი დაიცარიელოს.
- 4. ძაღლი რეაგირებს თავის სახელზე. კატა- არა.
- 5. ძაღლს სახლში დიდი ხნით ვერ დატოვებ მარტო. თუნდაც იმ მიზეზით, რომ გასეირნება სჭირდება. კატის მარტო დატოვება შეიძლება, თუ საჭმელს საკმარისი რაოდენობით დაუტოვებ.
- 6. ძაღლი უნდა დაბანო. კატა თვითონ ილოკავს და ისუფთავებს თავს.
- 7. ძაღლს არ აქვთ გამოკვეთილი სიარულის მანერა, ის დაბაჯბაჯებს. კატა ყოველთვის გრაციოზულად მოძრაობს, ლამაზად ჯდება და დაჯდომისას კუდს ფეხებთან მოაქცევს.
- 8. ძაღლი დიდ ყურადღებას არ აქცევს სისუფთავეს. კატა კი არ შეჭამს საჭმელს დასვრილი თეფშიდან, არ ავა საწოლზე, რომელიც დაულაგებელია და მანამდე არ მიეკარება მას, სანამ არ დაალაგებთ.
- 9. ძაღლი ჭამს მისთვის განკუთვნილ საჭმელს. კატა- ყველაფერს, რასაც მიაჩვევ. მე მინახავს, როგორ ჭამს კატა კვერცხს და საზამთროს :)
- 10. თუ კარზე ზარია, ძაღლი საგულდაგულოდ უნდა გადამალო, რომ შენს სტუმარს ფეხი არ მოაჭამოს. კატას კი თავად ეშინია სტუმრის, ის მიდის და იმალება ისეთი ავეჯის ქვეშ, რომლიდანაც ვერაფრის დიდებით ვერ გამოათრევ, მაგრამ თუ სიტუაცია მოეწონა- ძაღლიც და კატაც უპრობლემოდ უერთდება საზოგადოებას.

ინფორმაცია კატებზე

კატას თავისი სიცოცხლის განმავლობაში 100-ზე მეტი კნუტის გაჩენა შეუძლია. დედალ-მამალ კატას და მათ შთამომავალს 7 წლის მანძილზე 420 000 კნუტის გაჩენა შეუძლიათ. კატები ადამიანს ოთახიდან ოთახში იმიტომ დასდევენ, რომ მათი მოქმედებები აკონტროლონ. კატებს მხოლოდ თათების ბალიშები უოფლიანდებათ. კატებს შეუძლიათ გამოსცენ 100-მდე სხვადასხვა ბგერა. შედარებისათვის – ძაღლებს მხოლოდ 10-ის. მეტნაკლებად ფანტასტიკური რეკორდი დაამყარა არგენტინელმა კატამ, სახელად Minchо-მ რომელიც აძვრა ხეზე და აღარ ჩამოსულა იქიდან 6 წლის განმავლობაში, ვიდრე არ მოკვდა. ამ დროის მანძილზე მან მოასწრო 3-ჯერ დაორსულება ასეთივე ხეზე მცხოვრები კატებისაგან. ვარდნისას, კატა ყოველთვის ერთნაირად ეცემა. ჯერ თავს ასწორებს, შემდეგ ბეჭებს, შემდეგ ფეხებს და ბოლოს ბეჭებში იხრება, რომ რბილი დაშვება განახორციელოს.
თუ კატა ავეჯს ფხაჭნის, შეეცადეთ მისცეთ ამ ადგილს ლიმონის ან ფორთოხლის არომატი. კატები ვერ იტანენ ამ სუნს. რაც უფრო მეტს ელაპარაკებით კატებს, მით უფრო მეტს გელაპარაკებიან ისინი. კატის ცხვირის მოხაზულობა უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. აქლემი და კატა – დედამიწაზე მხოლოდ ეს სამი ცხოველია ცაცია. სიარულს ისინი მარცხენა ფეხით იწყებენ. ასეთი სიარული სიჩქარის, სიმკვირცხლისა და სიჩუმის გარანტიას იძლევა. ეგვიპტელები, საყვარელი კატის დაღუპვის გამო გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდნენ. კატას შეუძლია ყური 180 გრადუსით შეაბრუნოს. ყოველ ყურში 32 კუნთი აქვს, სმენის სამართავად ისინი იყენებენ 12 ან მეტ კუნთს. რამდენი წლისაა თქვენი კატა ადამიანურ ასაკთან შედარებით? თუ თქვენი კატა 3 წლისაა – ეს ეფარდება ადამიანის 21 წელს, თუ 8 წლის – ადამიანის 40 წელს, ხოლო თუ 14-ის – 70 წელს. სახლის კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 15 წელია, მაშინ, როცა გარეული მხოლოდ 3-დან 5 წლამდე ცოცხლობს. ლიონის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიონი შინაური კატაა. ამ საქმეში პირველები ავსტრალიელები არიან, სადაც ყოველ 10 მაცხოვრებელზე 9 კატა მოდის. აზიურ კონტინენტზე პირველი ადგილი ინდონეზიას უჭირავს, აქ 30 მილიონზე მეტი კატაა, ხოლო ევროპაში – საფრანგეთს: 8 მილიონი კატა. არსებობენ ქვეყნებიც, სადაც შინაური კატა თითქმის არ გვხვდება, მაგალითად: პერუ და გაბონი. ყოველ წელს ამერიკელები ხარჯავენ 4 მილიარდ დოლარს კატების საკვებზე, რაც 1 მილიარდი დოლარით მეტია იმ თანხაზე, რომელსაც ჩვილი ბავშვების საკვებზე ხარჯავენ. თუ კატა თქვენთან ახლოს იმყოფება და მისი კუდი ცახცახებს, ეს სიყვარულის ყველაზე დიდი გრძნობაა, რომლის გამოხატვაც შეუძლია. თუ კუდი დაბლა იწევს, ე.ი. ხასიათი ეცვლება და შეიძლება წახვიდეთ, მას არ ეწყინება. კატები კუდს აქანავებენ, თუ არჩევანის წინაშე დგანან, ამასთან, ერთი სურვილი ბლოკავს მეორეს. მაგალითად, თუ კატა სახლის ზღურბლთან დგას და გარეთ წვიმს, კუდი ქანაობს შინაგანი კონფლიქტის გამო. მას უნდა გასვლა, მაგრამ არ უნდა დასველება. როგორც კი იგი გადაწყვეტილებას მიიღებს (სახლში დარჩენის ან გარეთ გასვლის), კუდი შეწყვეტს ქანაობას. კატები ადამიანს იმიტომ ეხახუნებიან, რომ სხვისი სუნები გადაფარონ. სუნს გამოყოფს ჯირკვლებიდან, რომლებიც მდებარეობენ თვალსა და ყურს შორის, და კუდის ძირში. თუ თვალის გუგები გაფართოებული აქვს დიდი განათების მიუხედავად, ე.ი. რაღაცამ ძალიან დააინტერესა, ან თამაშის ხასიათზეა. კატას, რაიმეს დასანახად სჭირდება 1/6 იმ შუქისა, რომელიც ადამიანს სჭირდება. მათი ღამის მხედველობა საოცარია! სიბნელეში იგი საკუთარ ბადურაში არეკლილ შუქსაც კი იყენებს.
კატებს, ძაღლებისაგან განსხვავებით, ახლო მანძილზე მყოფი საგნების დანახვა არ შეუძლიათ, ანუ შორსმხედველები არიან. ხოლო ძაღლები – ახლომხედველები. ფაქტიურად, კატა ყველაზე კარგად ხედავს 75 სმ-დან 2-6 მეტრამდე მანძილის სიშორიდან. კატის სმენის მგრძნობელობა ადამიანის სმენასთან შედარებით, 3-ჯერ მეტია. თუ ხვდება რომ მსხვერპლი მიუწვდომელია, კატას უცახცახებს ქვედა ყბა და უკაწკაწებს კბილები. კატები სუნს 14-ჯერ უფრო ძლიერად გრძნობენ, ვიდრე ადამიანი. ცხვირის გარდა, კატებს სუნის შეგრძნება შეუძლიათ ე.წ. “იაკობსონის მილით”, რომელიც მდებარეობს ზედა სასაზე, ორ წინა კბილს შორის. იგი მას იყენებს, როცა განსაკუთრებით საინტერესო სუნს გრძნობს. ოდნავ ასწევს ტუჩსა და ცხვირს და ისრუტავს ჰაერს. ბეწვის მოვლა აწყნარებს, ანეიტრალებს მის აგრესიას. თუ კატა ვერ წყვეტს, რა გზას დაადგეს, მას სჭირდება დაფიქრება თავის საქციელზე. თუ იგი რაღაცაზე ორჭოფობს, უნევერსალური რეცეპტი აქვს: საეჭვო სიტუაციებში ბეწვს ილოკავს. ბუნებრივი მოთხოვნილებისათვის მას სჭირდება მოფარებული ადგილი, რომ არ შერცხვეს. ასევე, ეს ადგილი უნდა იყოს საჭმლის თეფშისაგან მოშორებით. კატებს არ უყვართ იმ ადგილის მოსვრა, სადაც ჭამენ. არასოდეს აჭამოთ კატას ძაღლის საჭმელი. პროტეინებისადმი მათი მოთხოვნილება 5-ჯერ მეტია, ვიდრე ძაღლებისა. კატებს სიმაღლეები უყვართ. სიმაღლეები უყვართ ასევე ლეოპარდებსა და იაგუარებს, რომელთაც ხეზე სძინავთ. თუ კატა ვარდება, მისი შინაგანი ყური, რომელიც ბალანსს მართავს, ეხმარება თათებზე დაცემაში. კატას საშუალოდ 12-12 მოძრავი ულვაში აქვს თითო მხარეს. ულვაშის ძირში მდებარეობს უამრავი ნერვული დაბოლოება, ამიტომ კატა მათი მეშვეობით იღებს ყველაფერზე ინფორმაციას – საგნებზე, ქარზე, ტემპერატურაზე და ა.შ. თუ კატას ულვაშებს მოაძრობთ, მას გაუძნელდება სივრცეში ორიენტირება, მაგალითად, ცუდად ინადირებს და საერთოდ, თავის თავში დარწმუნებული აღარ იქნება. ულვაშები ეხმარება კატას განსაზღვროს, გაეტევა თუ არა თუნდაც რაიმე ჭუჭრუტანაში. თუ კატას ულვაშები წინ აქვს გამოწეული, ე.ი. რაღაცით ძალიან დაინტერესებულია, ან ჩხუბის დროს მოწინააღმდეგის შეშინება სურს. თუ უკან – იგი შეშინებულია და გაურბის შეხებას. კატის ნერვიულ მდგომარეობას ყურები გასცემენ – ყურებს ატოკებენ. ამ დროს შეუძლიათ მშვიდად იჯდნენ და აკვირდებოდნენ. მაგრამ თუ შეეხებით, მან შეიძლება თათიც კი დაგარტყათ. თუ ვინმე თავს ესხმის, კატის ყურები მჭიდროდ ეკვრის თავს. ამით ის იცავს ყურებს თავდამსხმელის კბილებისა და ბრჭყალებისაგან. ხოლო თუ თვითონ ესხმის თავს, ყურებს უშვებს ჰორიზონტალურად და განზე. კატების ჩხუბი ხანმოკლეა, მაგრამ მძვინვარე. მათი მთავარი იარაღი – კბილებია. როცა კატას ეფერებით, თქვენი გულისცემის სიხშირე და სისხლის წნევა ქვეითდება. ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, აქვთ შანსი იცოცხლონ დიდხანს, თუ მათ კატა ყავთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც არც კატა ყავთ და არც ძაღლი.

სპილო
   სპილო ძუძუმწოვრების ოჯახი ხორთუმიანების რიგისაა, ტანად დიდი ცხოველები. მათი სიმაღლე 3,5 მ, ხოლო მასა — 4-5 ტ აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. თითოეულ თითს პატარა ჩლიქი შეესატყვისება. ზედა ტუჩისა და ცხვირის ერთმანეთთან შეზრდის შედეგად წარმოქმნილია გრძელი და მოქნილი ხორთუმი. იგი წარმოადგენს შეხებისა და ყნოსვის, ამავე დროს საგნების გადასაადგილებელ ორგანოს. ყბებზე 4-4 კბილი აქვთ. კბილები დროთა განმავლობაში ცვდება და მათ ადგილს იკავებს მომდევნო კბილები, რაც ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში 6-ჯერ მეორდება. ეშვები არა აქვთ. ზედა შუა საჭმრელები წაგრძელებულია და ქმნიან შუანებს, რომელთა სიგრძე შეიძლება 4 მ, ხოლო მასა 100 კგ აღწევდეს. შუანები აქვთ მხოლოდ მამლებს, იშვიათად უვითარდება დედალ აფრიკულ სპილოს (თანაც მეტად მოკლე). სპილოსებრთა კუჭი მარტივია, კანის სისქე 3-4 სმ აღწევს. ბალნიანი საფარველი რედუცირებულია. მაკეობა 628 დღემდე (ზოგი ცნობით 24 თვემდე) გრძელდება. შობენ ერთ ნაშიერს, რომლის მასა 90 კგ აღწევს. სქესობრივად მწიფდებიან 17-20 წლისა, ცოცხლობენ 80 წლამდე. იკვებებიან მცენარეებით, ზოჯერ ჭამენ მსხვილ ტოტებს, ფიჩხებს, ფოთლებს, ხის ქერქს. საკვების ძებნისას ხშირად 100 კმ-ზე მეტის გავლა უხდებათ. თავისუფლად იკაფავებ გზას უღრანსა და დაბურულ ტყეში, ჭაობიან ადგილებში და სხვა. წყალს ხორთუმით იღებენ და პირში ისხამენ. ცხოვრობენ ჯოგებად, რომლებშიც თავს იყრის 10-დან 100-ზე მეტი ეგზემპლიარი.
   სპილოსებრნი მრავალ ადგილას მოსპობილია. ამჟამად ყველგან იცავენ. იყენებენ სპილოსებრთა ძვალს (შუანებს). ხორცი საკვებად ვარგისია. ცნობილია სპილოსებრთა 2 გვარის თითო სახეობა: აზიური სპილო გავრცელებულია ინდოეთში, ბირმაში, ნეპალში, ტაილანდში, ვიეტნამში, მალაიზიაში, კუნძულ სუმატრაზე, შრი-ლანკაზე. მისი მოთვინიერება და გაწვრთნა ადვილია. როგორც ამოწყდომის გზაზე მდგომი სახეობა, შეტანილია „წითელ წიგნში“.



თოვლის კაცი, ანუ იეტი
თოვლის კაცი, მაღალი (3 მეტრამდე) შავ ბალნიანი არსება. იგი არის 200 კილოგრამწე მძიმე. ნაფეხურები აქვს 45 სანტიმეტრამდე. დადის ორ ფეხზე, როგორც ადამიანი.  ყველაზე ხშირად ხალხს ეს არსება ნანახი აქვს ჰიმალაის მთებთან ახლოს. ხალხმა ამ არსებას თოვლის კაცი შეარქვა, რადგან მის არსებობას ადასტურებს თოვლში დატოვებული ნაკვალევის ფოტოები...