- პირველი გვერდი
- მეორე გვერდი
- მესამე გვერდი
ინფორმაცია თეთრ და მურა დათვზე
-მურა დათვი, მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლისა. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ტყავს იყენებენ უმთავრესად ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოგან აზიანებს ნათესებს, თავს ესხმის შინაურ ცხოველებს.
-თეთრი დათვი — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. არქტიკული ფაუნის ტიპობრივი წარმომადგენელი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინილოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე. მამრის სხეულის სიგრძე 2.5-3 მ, ხოლო მდედრის 2-2.5 მ აღწევს. მამრების წონა 400-650 კგ (იშვიათ შემთხვევაში 1000კგ), ხოლო მდედრების 175-300 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წელია. სხეული დაფარულია თეთრი (მოყვითალო), ხშირი, გრძელი ბალნით. თეთრი დათვის ძირითადი საკვებია სელაპი, ჭამს აგრეთვე თევზს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს, ლეშს. ზამთრის ძილს არ ეძლევა. კარგად ცურავს და ყვინთავს. ცურვაში ეხმარება სქელი კანქვეშახიმის ფენა, რომელიც ამცირებს ცხოველის კუთრ წონას და იცავს მას სიცივისაგან. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შობს 1-2, იშვიათად 3 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლისა (მამალი უფრო გვიან). თეთრი დათვის ტყავს იყენებენ ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოოექსპორტის ძვირფასი ობიექტია. მასზე ნადირობა ზოგ ქვეყნებში აკრძალულია, ზოგან კი - შეზღუდული.
ჩრდილოეთ პოლუსის ყინულები, რომელიც გადაჭიმულია რუსეთამდე, გრენლანდიამდე, ნორვეგიამდე, კანადასა და აშშ-მდე, თეთრი დათვის არასტუმართმოყვარე სამმშობლოს წარმოადგენს. თეთრი დათვი ერთ-ერთე უდიდესია დათვებს შორის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი — ყველაზე დიდი.
თეთრი დათვის ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“, რადგან იგი გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ყინულებიანი ზღვა ხვდება დედამიწას. წყალი მათთვის სახლივით არის. თეთრი დათვი საუკეთესო მცურავი და მყვინთავია. წყალში იგი 20 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, ხოლო წყალქვეშ ორი წუთის განმავლობაში ძლებს. წყალში მათ იცავთ კანქვეშა საიზოლაციო ცხიმის სქელი ფენა და წყალგაუმტარი ბეწვი.
თეთრი დათვის ხშირი ბეწვი ძალიან ღია ყვითელი ფერისაა იმისათვის, რომ შეერწყას თოვლიან გარემოს. კიდურების მიდამოებში ბეწვი გრძელია, რაც ეხმარება დათვს სრიალა ყინულზე გადაადგილებისას. თეთრ დათვს დიდი მანძილის გავლა შეუძლია. ის გაცილებით მეტს მოძრაობს, ვიდრე სხვა დათვები. თეთრი დათვი არა მარტო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებთან ცხოვრობს, არამედ ხშირად მცურავ ყინულებზეც გვხვდება. ასეთი ყინული ზოგჯერ 50 000 კვ.კმ.-ის ფართობსაც აღწევს.
თეთრი დათვების ძირითად საკვებს სელაპები წარმოადგენენ. მათზე ნადირობისას ისინი ყინულის ქვევიდან უსაფრდებიან მსხვერპლს, ცურვით მისდევენ მათ და უეცრად „ამოხტებიან“ ყინულიდან.
ბუნაგში ზამთარს მხოლოდ მაკე მდედრი დათვი ატარებს. იგი ბუნაგს თოვლის გროვაში, წყალთან ახლოს თხრის. მამრი თეთრი დათვები აქტიურობას ინარჩუნებენ მთელი წლის განმავლობაში. პატარა ბელები დეკემბერ-იანვარში იბადებიან და ბუნაგიდან, დაახლოებით, სამი თვის შემდეგ გამოდიან.
ინფორმაცია პანდაზე
პანდა, ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 51-64 სმ, მასა 3-4,5 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ბირმისა და ნეპალის ჩრდილოეთით. აქტიურია ღამით, დღისით ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, წვრილი მღრღნელებით. ტყვეობას ადვილად იტანს.
ინფორმაცია აქლემზე
აქლემი, მცოხნელი ძუძუმწოვრების გვარი აქლემისებრთა ოჯახისა.
ცნობილია აქლემის ორი სახეობა:
- დრომედარი – ერთკუზიანი აქლემი.
- ბაქტრიანი – ორკუზიანი აქლემი.
ველურად მარტო ორკუზიანი აქლემია შემორჩენილი (სინძიანის უდაბნოებსა და სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში). აქლემი მხოლოდ უდაბნოსა და მშრალი სტეპის ზონებშია გავრცელებული. იმ მცენარეებით იკვებება, რომლებსაც სხვა მცოხნელები არ ჭამენ. სვამს ცოტა წყალს, ზოგჯერ მლაშესაც. დიდხანს შეუძლია უწყლოდ გაძლება. აქლემის კუზში გროვდება სამარაგო ცხიმი (100 კგ-მდე და მეტიც), რასაც ცხოველი საკვების ნაკლებობისას იყენებს. სხეულის ნაწილები, რითაც წოლის დროს მიწას ეხება, დაფარული აქვს სქელი კორძებით. ამის გამო აქლემს შეუძლია გავარვარებულ (70 °C-მდე) ნიადაგზე უვნებლად წოლა. სხეული ეყრდნობა ფართო რბილ თათებს, რაც ქვიშაზე სიარულს უადვილებს. ბევრ ადგილას აქლემი მოშინაურებულია (დაახლოებით 5000 წლის წინ) და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველად. ზრდასრული აქლემის მასა 500-800 კგ-ია. ერთკუზიანი აქლემის მაკეობა გრძელდება 13 თვე, ორკუზიანისა - 14. შობს ერთ კოზაკს. აქლემი ძლიერი სასაპალნე და შესაბმელი ცხოველია. შეუძლია ზურგით ატაროს საკუთარის წონის 50%-მდე ტვირთი, თოხარიკით გადის დღეში 100 კმ-მდე (საათში 10-12 კმ). ცოცხლობს 35-40 წელს. სამუშაოდ იყენებენ 4-25 წლის ასაკში. იძლევა რძეს, ხორცს, მატყლს. ერთკუზიანი აქლემი წელიწადში იწველის 4,5% ცხიმიანობის 2000 ლ-მდე რძეს. ორკუზიანი - 5,4 ცხიმიანობის 750 ლ-მდე რძეს. რძისაგან ამზადებენ კუმისს, კარაქს, ყველს. ორკუზიანი აქლემის ნაპარსის კანძი 5-10 კგ-მდეა (ზოგისა 13 კგმდე), ერთკუზიანისა 2-4 კგ-მდე. ორკუზიანი აქლემის მატყლი უფრო მაღალხარისხოვანია. აქლემის ხორცის კვებითი ღირებულება ძროხის ხორცისას არ ჩამოუვარდება და ზოგან საკვებადაც იყენებენ.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აქლემის ღირებულების აბსოლუტური რეკორდი დამყარდა, იუწყება გაზეთი ”ალიტიჰადი”.
არაბი მომთაბარეები აქლემის სილამაზეს სრულყოფილად მიიჩნევენ. შუა საუკუნეებამდე არაბები აღშფოთებას ვერ მალავდნენ იმ იშვიათი პოეტების შემოქმედებით, რომლებიც აქლემებს ხოტბას არ ასხამდნენ.
ათ მილიონ დირჰამად (2,7 მლნ დოლარი) შეაფასეს ”მაჯაჰიმის” (შავი) ჯიშის აქლემი აქლემების სილამაზის ფესტივალზე, რომელიც ამ კვირას აბუ-დაბის საემიროს დასავლეთ რაიონში, ქალაქ ზაიდში დასრულდა.
აქლემი იყიდა დუბაის საემიროს პრინცმა შეიჰმა დამდან ბენ მუჰამედ ალ მაკტუმმა.
”მაჯაჰიმის” ჯიშის აქლემები სინამდვილეში შავი ფერისანი არ არიან. მათ აქვთ ძალიან ლამაზი მუქი ყავისფერი შეფერილობა და გამოირჩევიან განსაკუთრებული გრაციით, ამაყად მოღერებული თავით, კისრის, ზურგის სილამაზით, წინა ფეხების სიმსუბუქით, რომელთაც აქ ”ხელებს” უწოდებენ, და უკანა კიდურების ძალით.
ეს ცხოველები არ მონაწილეობენ აქლემების ტრადიციულ გარბენში და მათ ამრავლებენ შალის, რძისა და ხორცის მისაღებად. სილამაზის კონურსებში ისინი მონაწილეობენ ცალკე, ღია ფერის აქლემებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც მათ სილამაზით ვერ შეედრებიან.
აქლემების სილამაზის ყოველწლიურ ფესტივალში ქალაქ ზაიდში მონაწილეობს ღია და მუქი ფერის ათი ათასზე მეტი აქლემი. მათ ერთობლივ ღირებულებას სპეციალისტები ერთ მილიარდ დირჰამად (270 მილიონი დოლარი) აფასებენ. გამოფენაში, რომელიც 10 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, მონაწილეობს სამი ათასი მეცხოველე ყველა არაბული ნავთობმომპოვებელი მონარქიიდან.
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა პრიზებისთვის 35 მილიონი დირჰამი და ასი ავტომობილი გამოყო. აბუ-დაბის საემიროს პრინცმა მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანმა გამოფენის დათვალიერებისას მის ბიუჯეტს საკუთარი ხარჯიდან დაუმატა თანხა, რათა პრიზიორების რიცხვი გაეორმაგებინა.
უნდა ითქვას, რომ საემიროებში პრიზები ყველაზე ძვირფასი არ არის. მეზობელ კატარში, მაგალითად, აქლემების შეჯიბრის გამარჯვებულებს ასაჩუქრებენ ოქროს შაშხანებით და ”ლანკრუზერებით”, რაც ბუნებრივია, რადგან ყველაზე ჯიშიანი აქლემების პატრონები არიან უმდიდრესი შეიხები, რომელთა გაკვირვებად უბრალო ”აუდით” და მათი კონკურსზე მიტყუება ძნელია.
-ახლაც, 25 წლის დუბაის პრინცს შეიხ ჰამდანს ჰყავს აქლემი, რომლის სილამაზითაც გამოფენაზე თავის მოწონება შეუძლია
ინფორმაცია მგელზე
მგელი— ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.
ინფორმაცია ციყვზე
ციყვისებრნი, ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მსხვილი ფორმების სხეულის სიგრძე 70 სმ, მასა 9 კგ-ს აღწევს. უკანა კიდურები წინას თითქმის ორჯერ აღემატება. გვხვდებიან ყველგან ავსტრალიის, ახალი გვინეის, ტასმანიის, მადაგასკარის, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის და სამხრეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილის გარდა. ოჯახში ერთიანდება ორი ქვეოჯახის 47 გვარი. საქართველოში გვხვდება 2 გვარის 3 სახეობა. ზოგიერთი მათგანი ძვირფასი სარეწაო მნიშვნელობისაა.
ინფორმაცია ქათამზე
ქათამი, შინაური ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. წარმოშობილია გარეული ბანკივური ქათმისაგან. სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა შორის შინაური ქათამი ყველაზე გავრცელებულია. მას ამრავლებენ ხორცისა და კვერცხისათვის, გარდა ამისა იყენებენ ბუმბულსა და გერმას. ძირითადი პროდუქციის მიხედვით ქათმის ჯიშები იყოფა მეკვერცხულად, მეკვერცხულ-მეხორცულად, სახორცე-მეკვერცხულად და სახორცედ. ამ მიმართულებების ჯიშებს აქვთ კონსტიტუციური და ექსტერიერული თავისებურებანი.
მიახლოებით 4 დღის წიწილა
მეკვერცხული ქათამი პატარაა, სწრაფად იზრდება, სქესობრივად ადრე მწიფდება.
სახორცე-მეკვერცხული ქათამი უფრო დიდია, კარგად აქვს განვითარებული კუნთები, გვიან მწიფდება.
მეკვერცხულ ქათამს განვითარებულ აქვს ფოთლისებრი ბიბილო, რომელიც მეორე-მესამე კბილანის შემდეგ გვერდზეა გადმოზნექილი, ნისკარტი ოდნავ მოღუნულია.
შინაური ქათმების ნისკარტის ფერი თითქმის ერთნაირია, ბუმბულისა - სხვადასხვა. მეკვერცხული ჯიშის ქათმის მასაა დედლის 1,8-2,2 კგ, მამლისა - 2,7-3,0 კგ; მეკვერცხულ-მეხორხულისა (შესაბამისად) 2,2-2,8 და 3,2-3,8 კგ; სახორცე-მეკვერცხულისა - 2,5-3,0 და 3,5-4,0 კგ; მეხორცულისა - 3,0-3,5 და 3,5-4,5.
ქათამი რეპროდუქციისთვის 5-6 თვეში მწიფდება. მეკვერცხული ჯიშების კვერცხმდებლობა წელიწადში 200-220 კვერცხია, სარეკორდო 365. კვერცხის მასა 55-65 გრამი. ქათმის კვერცხმდებლობა დაახლოებით 10 წლამდე გრძელდება.
ინფორმაცია იხვებზე
იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატასინები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატასინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა.
იხვები მიმოფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი (Casarca frruginea), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), გარეული იხვი (Anas platyrtynchos), წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufinae), ქოჩორა ყურყუმელა (Nyroca fuligata) და სხვა.
შინაური იხვი (Anas domestica) წარმოშობილია გარეული იხვისაგან,რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვისა. კვერცხების ყოველ ციკლში (5-6 თვე) დებს 90-130 კვერცხს, თითოეული 85-90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27-28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი - 2-3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მერვერცხული (ინდური მარბოლარები). სახორცედ კლავენ - 50-55 დღის იხვებს, როცა თითოეული 2,5 კგ და მეტს იწონის.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საქართველოში იხვები შემოიყვანეს და მოამრავლეს XVII საუკუნეში. აქ მისი სახორცედ გამოზრდა ყველა კლიმატურ ზონაში შეიძლებოდა.
ინფორმაცია თხაზე
თხა — წყვილჩლიქოსანი მცოხნავი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის წინაპარია გარეული თხის ორი სახეობა — ნიამორი და რქახრახნილი თხა, აგრეთვე ამომწყდარი Capra prisca.
თხა ადვილად ეგუება სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებს, რის გამოც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია მოშენებული. გვარში (Capra) გაერთიანებულია 10-მდე სახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 3. თხა გვაძლევს რძეს, ხორცს, ბეწვს (მატყლს), თივთიკს. ცოცხლობს 9 — 10, მაქსიმუმ 17 წელს, სამეურნეო გამოყენების საშუალო ვადაა 7 — 8 წელი. დასაგრილებლად 14 — 18 თვისას უშვებენ. მაკეობა დაახლოებით 5 თვეს გრძელდება. თხის კულტურული ჯიშების უმეტესი ნაწილი მრავალნაყოფიანია. 100 დედა თხა 150—250-მდე თიკანს შობს. საუკეთესო კვებისა და მოვლა-პატრონობის პირობებში შეიძლება წელიწადში ორი დოლი მოგვცეს. მამალი თხის (ბოტის) ცოცხალი მასაა 60 — 65 კგ, მაქსიმალური 100 კგ, დედის თხისა (ნეზვის), შესაბამისად 40 — 60 კგ-მდე.
პროდუქტიულობის მიხედვით განასხვავებენ სარძეო, სამატყლე, სათივთიკე და უხეშმატყლიანი შერეული პროდუქტის ჯიშის თხება. სარძეო ჯიშის თხა წელიწადში 450 — 550 კგ იწველის, საუკეთესო მეურნეობებში 1000 კგ-მდე. რძის ცხიმიანობაა 3,8 — 4,5%. თხას დღეში 1—3-ჯერ წველიან, სამატყლე ჯიშის თხის მატყლს ერთგვაროვანი ბოჭკოები აქვს. მამალი თხის ნაპარსია 4 — 5 კგ, დედალი თხისა 3 — 5 კგ. სათივთიკე ჯიშების თივთიკის საშუალო გამოსავლიანობაა 0,2 — 0,5 კგ, მაქსიმალური 2 კგ-მდე. მოზრდილი თხის ნაკლავი 20 — 28 კგ ხორცს და 4 — 6 კგ ქონს იძლევა.
- პირველი გვერდი
- მეორე გვერდი
- მესამე გვერდი
Комментариев нет:
Отправить комментарий